English / ქართული / русский /
რუსუდან პაპასკირი
ზოგი რამ ქვეყნის შიგა ინვესტიციური პოტენციალის შესახებ

ანოტაცია

სტატიაში ორი საკითხია დამუშავებული:

1.    ინვესტიციური პოტენციალის არსი.

2.    საინვესტიციო პოტენციალის განმსაზღვრელი პირობები საქართველოში და მათი გამოყენების პრობლემები.

პირველ საკითხში განმარტებულია ქვეყნის ინვესტიციური პოტენციალის არსი და მისი განსაზღვრის აუცილებლობა, დასაბუთებულია საზღვარგარეთიდან მხოლოდ საჭირო რესურსების მოზიდვით.

მეორე საკითხში ჩამოთვლილია შიდა ინვესტიციური პოტენციალის მდგენელები _ ბუნებრივი რესურსები, კაპიტალი, შრომითი რესურსები, ფულის მასა და ნაჩვენებია მათი მოცულობები საქართველოში. ამავე საკითხში საუბარია შიდა ინვესტიციური პოტენციალის გაზრდის სიძნელეებზე. ესენია უმუშევრობა, დანაზოგების სიმცირე, დაბალი ხელფასები და სხვა.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიციური პოტენციალი, ინვესტიციური პოტენციალის მდგენელები, ინვესტიციური კლიმატი

შესავალი

საქართველო ღარიბი ქვეყანაა. ის შემოსავალი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის გადასახადების სახით, მთლინადაც რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის დაიხარჯოს, არ იქნება საკმარისი. ასეთ დროს, ბიუჯეტის შემოსავლებიდან `ლომის წილი~ სჭირდება სოციალური პოლიტიკის განხორციელებას, საზოგადოებრივი საქონლის შექმნას და ა. შ. ამ ყოველივეს გამო საქართველოს ეკონომიკის აღმშენებლობას გარედან მოზიდული ინვესტიციები სჭირდება. მაგრამ გარედან ინვესტიციების მოზიდვამდე უპირველესად მისი საჭირო მოცულობა და ადგილობრივთან თანაფარდობა უნდა განსაზღვროს [შენგელია ნ. 2014, გვ. 81]. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მისმა სიჭარბემ ინვესტიციები არ გაყინოს, ხოლო სიმცირემ საქართველოს ეკონომიკის ზრდა არ შეანელოს.

გარედან მოსაზიდად აუცილებელი ინვესტიციების მოცულობის დასადგენად უპირველესად საჭიროა ქვეყნის შიდასაინვესტიციო პოტენციალის დადგენა.

* * *

1. საინვესტიციო პოტენციალის არსი

საინვესტიციო პოტენციალი – ეს არის ყველა სახის იმ საკუთარი რესურსების – ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, შრომითი და ა. შ. – ერთობლიობა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია საინვესტიციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. მაშასადამე, საინვესტიციო პოტენციალი – ეს არის ქვეყნის უნარი, დაიკმაყოფილოს საინვესტიციო რესურსებზე საკუთარი მოთხოვნილებები. აქ იგულისხმება როგორც ბიუჯეტური დაფინანსების შესაძლებლობა, ისე იურიდიული პირების და ფიზიკური პირების შესაძლებლობები. ასეთი დაყოფა იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ საინვესტიციო პოტენციალი წარმოვიდგინოთ [Катанасов В. 2005, გვ. 112]:

                – სახელმწიფოს შიდა საინვესტიციო პოტენციალად;

                – იურიდიული პირების საინვესტიციო პოტენციალად;

                – ფიზიკური პირების (ცალკეული ადამიანების) საინვესტიციო პოტენციალად.

არსებობს საინვესტიციო პოტენციალის საბაზო საინვესტიციო და მიმდინარე საინვესტიციო პოტენციალად დაყოფაც. თითოეული ამ სახის პოტენციალის გამოთვლის მეთოდიკა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირია, რადგანაც ისინი მათ სხვადასხვა შინაარსით ტვირთავენ.

ეკონომიკურ ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებულია ქვეყნის დონეზე საბაზრო საინვესტიციო პოტენციალის შემადგენლობაში ეროვნული სიმდიდრის ელემენტების – ფულადი რესურსი, შრომითი რესურსი, ძირითადი ფონდები, ბუნებრივი რესურსი _ შეტანა. არადა, ამ ელემენტებიდან ზოგიერთი მათგანის (მაგალითად, შრომითი რესურსის) ფულად გამოსახულებაში გადაყვანა რთული, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელიცაა.

მიმდინარე საინვესტიციო პოტენციალი ქვეყნის დონეზე წარმოადგენს სიმდიდრის იმ ნაწილს, რომელიც იქმნება ეკონომიკის მიერ წლის განმავლობაში და შეიძლება პოტენციურად იქნეს გამოყენებული ძირითად კაპიტალში ინვესტირების მიზნით, მისგან მიმდინარე მოხმარების გამოკლებით.

ქვეყნის მიმდინარე საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების დონე ასახვას პოულობს ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვებისა და მთლიანი დანაზოგების ურთიერთდამოკიდებულებაში. ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვება გულისხმობს ძირითად საშუალებებში ფულის დაბანდებას იქიდან შემოსავლების მიღების მიზნით. იგი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

                – ახალი და არსებული ფონდების შექმნას;

                – არასაწარმოო მატერიალური აქტივების გაუმჯობესებაზე დანახარჯებს;

                – არასაწარმოო მატერიალურ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

ძირითადი კაპიტალის მთლიან დაგროვებაში ასევე აისახება არასაწარმოო, არაფინანსური აქტივების წმინდა შესყიდვა.

რაც შეეხება იურიდიული პირების საინვესტიციო პოტენციალს, იგი შედგება საფინანსო და არასაფინანსო ნაწილებისგან.

ფინანსურ საინვესტიციო პოტენციალში შედის: მოგება, საამორტიზაციო ანარიცხები და რეზერვები.

არასაფინანსო პოტენციალში კი ერთიანდება: არასაფინანსო ქონება (შენობა-ნაგებობები, პერსონალი, მიწა და სხვ.) და საინვესტიციო ქონება (პატენტები, ლიცენზიები, ნოუ-ჰაუ და სხვა).

2. საინვესტიციო პოტენციალის განმსაზღვრელი პირობები საქართველოში და მათი გამოყენების პრობლემები.

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია ბუნებრივი რესურსები, ძირითადი კაპიტალი, შრომითი და ფულადი რესურსები.

ბუნებრივი რესურსებით საქართველო მდიდარი ქვეყანაა. გაეროს გამოკვლევით საქართველოს ეროვნული სიმდიდრე 827 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 150 მლრდ ბუნებრივი რესურსია [ყუფუნია გ. 2010, გვ. 291].

ბუნებრივია, რესურსების გვერდით შიდა ინვესტიციურ პოტენციალს ქმნის ძირითადი კაპიტალი, შრომითი რესურსები, კერძოდ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და ფულის მასა.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყნის ძირითადი კაპიტალი 28195,1 მლნ დოლარს შეადგენდა [მეწარმეობა საქართველოში, 2017., გვ. 94], შრომითი რესურსები (ვგულისხმობთ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას) კი – 1998,3 ათას კაცს [საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული. 2017, გვ. 40]. მართალია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან 11,8% არ არის დასაქმებული, მაგრამ ისინიც იგულისხმებიან პოტენციალში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინვესტიციო პოტენციალის ერთ-ერთი შემადგენელი ფულადი რესურსებია. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცალკეული აგრეგატების მიხედვით ფულის მასა შეადგენს [საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული. 2017, გვ. 228]:

ფართო ფული (მ3) – 16045,2 მლნ ლარს.

ბანკების გარეთ არსებული ფული – 2383,2 მლნ ლარი.

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებაში მრავალი პრობლემაა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული ბუნებრივი რესურსების არაეფექტური გამოყენება. ყველასთვის ნათელია, რომ ამ რესურსს ან უცხოელები ყიდულობენ ანდა იჯარით იღებენ და მისგან მიღებული შემოსავალიც მათ ეკუთვნით (იჯარის გადასახდელი მინიმალურია). ასეა გაყიდულ-გაიჯარებული ნავთობ-გაზის რესურსი, მინერალური წყლები (ბორჯომი, ნაბეღლავი), ქვანახშირი და სხვა მრავალი. ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპირველესად არა უცხოელებს, არამედ ადგილობრივ ინვესტოირებს უნდა შეუწყოს ხელი და პროტექციონისტური პოლიტიკა გაატაროს.

მეორე პრობლემაა დანაზოგები. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016 წელს საქართველოს მოსახლეობის დანაზოგმა შეადგინა 1968 მლნ ლარი [საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული. 2017, გვ. 49-52]. დანაზოგი ის რესურსია, რომელიც ინვესტიციად გარდაიქმნება, მისი ზრდა ფაქტობრივად საინვესტიციო პოტენციალის ზრდაც არის. ამიტომ ხელისუფლებამ ამასაც უნდა შეუწყოს ხელი. ამის მიღწევა შეიძლება მოსახლეობის შემოსავლების ზრდით. ამ შემოსავლებში განსაკუთრებით გამოვყოფთ ხელფასს. მისი საშუალო თვიური სიდიდე საქართველოში მეტად დაბალია (2016 წ. – 938,3 ლარი) [მეწარმეობა საქართველოში, 2017, გვ. 119].

ხელფასზე გაწეული დანახარჯი კომპანიების მთლიან ხარჯებში კი აღემატება 67%-ს, მაშინ როდესაც უნგრეთში იგი – 62%-ია, გერმანიაში – 54%, ნორვეგიაში – 60%.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამონახოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკურ სუბიექტებს დაუდგინდებათ ხელფასის ხარჯების ქვედა ზღვარი (%-ად) და ეს უნდა გახდეს სავალდებულოდ შესასრულებელი. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულ მოსახლეობას დანაზოგი გაეზრდება და მათი ინვესტიციური აქტივობაც ამაღლდება.

მაშასადამე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ფორმირება და მისი ეფექტიანი გამოყენება ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფო მმართველობაზე. საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ევალება სწორად შეაფასოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ხელი შეუწყოს მის ამაღლებას. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძრავი ქონების, კერძოდ, მიწის გასხვისებისგან დაცვა. როგორც ცნობილია, გარდაქმნის შემდეგ საქართველოს მიწების ნაწილი უცხოელებზე გასხვისდა, რამაც შეამცირა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ის შემადგენელი, რომელსაც ძირითადი ფონდები ეწოდება.

მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის – გერმანია, იტალია, ინგლისი – გამოცდილების გაცნობაც საინვესტიციო პოტენციალის მობილიზებასა და გამოყენებისადმი. ისინი ამ მიზნით შემდეგ ღონისძიებებს ატარებენ [შენგელია ნ. 2014, გვ. 156]:

– დანაზოგების ინვესტიციებად გარდაქმნის სტიმულირება;

– ეკონომიკის რეალური სექტორიდან საინვესტიციო რესურსების გადინების შეზღუდვა;

– ბანკებში განთავსებულ დანაზოგებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდა;

– ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა საინვესტიციო პროექტებისთვის;

– განვითარების ბიუჯეტების და განვითარების ბანკების შექმნა, აგრეთვე სტაბილიზაციის ფონდის შექმნა. 

დასკვნა. საქართველოს ინვესტიციების სააგენტო საჭიროა გაეცნოს  საზღვარგარეთის ამ ქვეყნების გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში და დანერგოს იგი საქართველოშიც. 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1.  მეწარმეობა საქართველოში, 2017. სტატისტიკური პუბლიკაცია. თბილისი.

2.  საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული. 2017. თბილისი.

3.  ყუფუნია გ. 2010. საქართველოს ეკონომიკა. თბილისი.

4.  შენგელია ნ. 2014. ინვესტიციების ოპტიმალური გამოყენებისა და თანაფარდობის თავისებურებანი, დადებითი და უარყოფითი შედეგები, ჟ. `ეკონომიკა~, #10-12.

5.  Катанасов В. 2005. Инвестиционный потенциал экономики: механизм формировании и использовании. Москва.